„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.“
„ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.“
„არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.“
„ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი – იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.“
„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.“
„ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.“
„აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.“
„ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“
„ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.“
„გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.“
„ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.“
„ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.“
„ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი.“
„მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება.“
„ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა.“
„პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.“
„რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო.“
„კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.“
„ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.“
„შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.“
„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.“
„ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.“
„ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს.“
„ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია.“
„თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.“
„კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.“
„ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.“
„მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.“
„სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.“
„ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.“
„ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია.“
„ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ.“
„ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო.“
„ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ.“
„ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.“
„დედაც კაცია, – გვეუბნება ჩვენი ენა, – და მამაცაო.“
„ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია.“
„ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, – და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი.“
„ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია.“
„თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.“
„კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“
„სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა.“
„სიტყვა თქმაა და არა ქმნა. თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია.“
„რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, – პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.“
„ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია.“
„ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.“
„ხმალი მაშინ უფრო კარგია, როცა ის ფარია და არა სატევარი.“
ერთი „მაქვს“ სჯობს ათას „გქონდა-ს“.
„პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია.“
„ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.“
„უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა.“
„ფული რამდენადაც ბევრია, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი.“
„მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძვნდება, ვერ აშენდება.“
„ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა არც გატანილი.“
„დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი.“
„მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ.“
თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: „ნანერგითა შენითა მარგე“.
„პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.“
„დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება – ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა.“
„კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს.“
„ადამიანი ადამიანობს მარტო პატიოსნებით და ნამუსითა, და ვინც ეს იცის, იმისათვის შებღალვა ან ერთისა ან მეორისა ყოველს დანაკლისზედ უმძიმესია, ყოველს მწუხარებაზედ უდიდესი მწუხარებაა.“
„ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის მიზეზი, რომ ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდებიან ხოლმე, ტყუილი მართალის ნიღაბ ქვეშ დაიარება და ყალბი ხალასად გადის.“
„დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს ჭკვა-გონების გარდა გულიცა აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა.“
„გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი, ვიდრე ნიშნმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა.“
„ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, – საცა უნდა იყოს, – თუ გულმხურვალეობით არის გამთბარი, გულმოდგინეობით წარმართული, ერთგულობით ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული, – უტყუარი ნიშანია თითონ მოღვაწის დიდ-ბუნებოვანობისა.“
„მართალია დიდად წარმატებული გონება და გული უნდა ჰქონდეს, რომ კაცი შემძლებელი იყოს თავისი თავი გაითვალისწინოს და თავის-თავს მსაჯულად გაუხდეს პირუთვნელად, იმიტომ რომ იგი ერთსა და იმავე დროს მსაჯულიც უნდა იყოს, მოსარჩლეც, ბრალმდებელიც და ბრალდებულიცა.“
„ნუ გგონიათ რომ იგი წმინდა მადლი სხვის სიხარულით გახარებისა, და მაშასადამე, სხვის მწუხარებით მწუხარებისაც, ცოტა რამ იყოს. იგია პირველი ნიშანი დიდ-ბუნებოვანებისა, დიდკაცობისა, და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა, მაგ მადლს ღმერთი კურთხევით უწყალობებს ხოლმე.“
„მართალი უთქვამს ვინცა სთქვა, რომ ორნაირი სათნოებაა ქვეყანაზე ადამიანის ღირსების აღმნიშვნელი: ერთი უქმი, რომელსაც მოსდევს არა ქმნა ბოროტისა, მეორე მოქმედი, რომელსაც მოსდევს ქმნა კეთილისა. პირველი მაგდენი ვერაფერი ღვაწლია, – სადიდებელი კაცისა მეორე სათნოებაა.“
„მქმნელი იგი მთქმელიცაა, რომელსაც განწმენდილი აქვს თვალნი ზე ზეცისა და ქვე ქვეყნისა საიდუმლოთა მხედველად, ყურნი – ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი – ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად და ენა – ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად.“
„სხვაზედ მინდობა – ქვიშაზედ აშენებული შენობა ყოფილა და იქნება კიდეც ამ ქვეყნიერობაში. წამოუვლის ნიაღვარი „შემთხვევისა“ და იმ იმედს, იმ მინდობას აღგვის ხოლმე დედამიწის ზურგიდამ და იმედევნეულს, სხვაზედ დანდობილს, ერთს უდაბურს ტინზედ გარიყავს, – შენს თავს შენვე მოუარეო.“
„მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მის ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება, და თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თვისიცა, ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდრე საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე.“
„ზნე-ხასიათის წვრთნა ზრდაა შინაგანი კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე წვრთნა ზნე-ხასიათისა ზრდაა, გარკვევაა მისის სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა.“
„ვით მამა ზეცისა იყავნ შენ სრული“ – აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა, ვის რა მანძილი გაუვლია. ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, – ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.
„ქურდბაცაცაზედ უარესნი არიან ისინი, ვინც იმოდენად ხელს იღებენ თავზედ, რომ ცილისწამებით, ხმების დაყრით, ჩუმად და იდუმალად უბღალავენ თავის მოპირსპირეს პატიოსნებას და ნამუსსა. რაკი ჯავრი ვისზედმე ჩაიდეს გულში, მაშინ იმათთვის მოსარიდებელი აღარა არის-რა: კაცია, თუ ქალია, არ მოერიდებიან, რომ ყოველგვარი ლაფი თავს გადაასხან და ერთსაც და მეორესაც სახელი გაუტეხონ, სახელი დაუმხონ.“
„დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვივა და ამაებმა სრულიად წარწყმიდეს ჩვენში ის თვითმოქმედების ძალ-ღონე, რომელიც უწინ იყო და რომელიც თუკი სადმე არის, ყველგან ხალხის ბედნიერების სათაურია და საფულძველიც. ხსნა ჩვენი თვითმოქმედებაში და ერთიანობაშია, საცა კაცი თითონ არ არის, სხვისით არა გაკეთებულა რა, საცა ერთი ვერას იქმს, იქ ოცსა და ორმოცს ერთად შეუძლიან ჰქმნას.“
„უღონობა ქვეყნისა მარტო უფულობა და უქონლობა კი არ არის, როგორც ეხლა ბევრსა ჰგონია, არამედ უფრო ისა, როცა სათნოებიანი, კეთილ-მომქმედი, მაღალ-ზნეობის კაცი არა ჰყავს. სიმაგრე ქვეყნისა, ქვეყნის ძალ-ღონე, ერის შემნახველი და გამდიდებელი ქვითკირი ადამიანის ცხოვრებისა მარტო სათნოებაა და მარტო სათნოებიანი კაცი ჰქმნის ამ წუთისოფელს ტაძრად, – სადაც ღმერთს ადიდებენ, და სამოთხედ, – საცა ბედნიერება ადამიანისა ჰსადგურობს.“
„ჭეშმარიტი განთლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის, და ჩვენის ფიქრით, ისევ გონება განუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი, ამიტომაც დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლოა შეჰხვდეთ, – კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი – სრულიად სხვა.“
„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა და ნურავის ნუ უკვირს, თუ ამ ვინაობის შემაგინებელს, შემბღალველს, ყოველი პატიოსანი კაცი სამართლიანის გულის წყრომით ზედ აეგება. განათლება პატიოსანს კაცს „სილბოს აძლევს ნაქსოვისას“ – როცა სხვას უნდა „გული მისცეს გულისათვის“ და საშველად ხელი მიაწოდოს, და „სიმტკიცსე ნაჭედისას“ – როცა თავის საკუთარს ვინაობას ჰპატრონობს. იქ „სილბო“ ღირსებაა, აქ კი ლაჩრობა, იქ „სიმტკიცე ნაჭედისა“ გულქვაობაა, აქ კი – ღირსება.“
„ბოროტის უქმნელობა კი არ იზიდავს, კი არ გამსჭვალავს ადამიანის გულს, არამედ ქმნა მადლისა, მარტო მადლის-მყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა და განცვიფრებული მეტყველებს სიტყვით თუ უსიტყვოდ ქებასა და დიდებასა. ეგ იმიტომ, რომ ჭეშმარიტი კაცობა არ ქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისა. კაცურის კაცობის ნიშანი minimum-ი სათნოება კი არ არის, რომელიც არ-ცოდვის საზღვარია, არამედ maximum-ი, რომელიც მადლის სამფლობელოა და საუფლისწულოა.“
„კაცმა რომ კაცს უთხრას, შენ საქმე არ იციო, არა მგონია ეს უზრდელობაში ჩამოართვას ვინმემ. ასეც კი უნდა ითქვას სხვათა შორის, რომ მართლმსჯელობას გახურებულის რკინის თვისება აქვს. იგი სწვავს, როცა სუსტს მხარეს შეეხება ხოლმე და მაგ თვისებას ვერავინ ვერ ჩამოართმევს მართლმსჯელობასა ზრდილობის სახელითა. ყველას ემწვავება ხოლმე, როცა ვარაყით მოოქროვებულს კაკალს დაჰხარის, შიგ კაი გული დევსო, და თქვენ-კი გაუტეხთ და შიგ გულის მაგიერ ჭიის საბუდარს დაანახვებთ.“
„თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვცარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილის-მოქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი, – სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა.“
„ჩვენის ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთ-მომქმედი მხნეობა, თავ-გაწირვა, თავ-დადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათელით არის განსხივებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზედ, სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია, უძლიერესია ყოველსა მცნებაზედ: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
„სვიმონ მესვეტე სვეტზე ავიდა იქ მიეცა გახრწნილებას სულის საოხად, და ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას იმიტომ მოერიდა, რომ ქვეყანა ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯას და მუშაობას ჰთხოულობდა და სვეტზე-კი უძრავად შეეძლო დებულიყო. ამისთანა ამბავს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც თავს იმალავს ადამიანის მრავალფერს ბუნებაში, და რამოდენად ეს ფარულნი მიზეზნი შორს არიან უბრალო სიკვდილის შვილთა თვალთათვის, იმოდენად მათი პოვნა და მიგნება ხვედრია მარტო იმისთანა კაცებისა, როგორიც რუსთაველია და სხვანი.“
„შეჭიდება ჰოსი და არასი, მათი ერთმანეთთან დაპირისპირება და ამ გზით კვლევა მართლისა – კრიტიკაა. კრიტიკა ბუნებითად ისეთი რამ არის, რომ ერთსა და იმავე დროს, ერთისა და იმავე საგნის კვლევაში „ჰო“-საცა და „არა“-საც ამოქმედებს მართლის გამოსარკვევად და გამოსაჩენად, იგი ნებას არ იძლევა, რომ ან ერთმა და ან მეორემ ცალკე გასწიოს და ცალ-კერძ სჭიმოს ჭაპანი ძიებისა და კვლევისა. როგორც ურემი სწორედ ვერ გაივლის, თუ ცალ-მხრივ გააწევინე ხარსა, ისეც ძიება და კვლევა ჭეშმარიტებისა, ცალ-კერძ ტარებული და განზიდული.“
„სავსება ერთობ ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულებას შეწონილ ჰქონდეს აღმატებულება ზნე-ხასიათისაცა. საჭიროა ზნე გაწმენდილი და გაფაქიზებული ჰქონდეს პატიოსნებითა, ნამუსიანობითა, კაცთმოყვარეობითა და სამართლიანობის გრძნობითა. უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფა-ქცევა ერთმანეთს გადუდგება, ერთმანეთს არ შეეთანხმება, მისი აზრი სხვა იქნება და ყოფა-ქცევა სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას აქმნევინებს. უზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობითა და უხასიათობით არის ავი, ზნეუწვრთნელი სწავლული კაცი.“
„მძლედ მობურთალნი ქვეყნიერობის მოედანზედ მარტო დიდხასიათის კაცნი არიან. ქვეყნის ღერძს მარტო ის ატრიალებს, ვისაც მიჰმადლებია გულთასრულობა, დიდ-ხასიათობა, იმისდა მიუხედავად, – ტრიალი ემარჯვათ, თუ ემარცხათ. ყოველივე დიდებული საქმე რითაც-კი კაცობრიობა ჰქადულობს და თავს იწონებს, ქმნილია ხასიათიან კაცთა მიერ და არა ვისმე სხვისაგან. ამიტომაც ხასიათიან კაცის წინაშე ყველა უნებლიეთ თავს იხრის, მოწიწებით და სასოებითა: ამიტომაც ყველა, დიდი და პატარა, უკან მისტირის, როცა ამისთანა კაცი მიდის უკან დაუბრუნებლად და სამუდამოდ.“
„უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცთომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ეს და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ, ის მხოლოდ ეძებს სიმართლეს და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია – ცუდად, რაც კარგია – კარგად. პირფერობა და ურცხვი უალაგო ქება გლახის და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა.“
„ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღწვის, მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული არა აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ, უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფლად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია. ეს ისეთი მძიმე გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თვითეული ბიჯი ღვაწლია და მსხვერპლი, და რადგანაც ღვაწლია, რადგანაც მსხვერპლია, ამიტომაც მადლია, და რადგანაც მადლია, ამიტომაც გულთა მიმზიდველია, გამმსჭვალავია გაოცებამდე, გაკვირვებამდე. ამისთანა კაცი მზესა ჰგავს, რომელსაც ბრმაც-კი ჰგრძნობს, თუმცა არა ჰხედავს.“
„დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა, იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს, არა ბატონებო, ეს იმისთანა განკითხვაა საცა თითონ ბრალეული თავისის-თავის გამკითხველია და მსაჯული, „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ
მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო, რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისი ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილ-უბტრალოდ არ გააქარწყლოს.“
„თვით იკვლიე, თუ შეიძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩხრიკე, შეამოწმე, და თუ ავტორიტეტის აზრი გამართლდა, დაიჯერე მხოლოდ მაშინ, და ამ სახით შენს საკუთარ რწმენად გარდაჰქმენ სხვისაგან აღმოჩენილი და ნაკვლევი. ხოლო საცა გონება და ჭკუა, რომელისამე მიზეზით, ვერ მიგიწვდეს და არჩევანში ხარ, შენს არ-გამოკვლეულს აზრს, არ-ცოდნას, სხვისი, სახელგანთქმულის მეცნიერის, გარკვეული აზრი და ცოდნა მოაშველეო – აი, ეს არის ეხლანდელი მოძღვრება ავტორიტეტების გამო, და ღრმად დანდობა კი, და აყოლა სხვისა იქ, საცა შენი საკუთარი გონება საბუთიანად სხვა რიგად გიჭრის, – ეგ უწინდებური ცოდვაა, უგუნურობად მიჩნეული და სამრთლიანად განდევნილი, უარყოფილი.“
„პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს, ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, ეგ შეურცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის კი არ არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად სცნობს და აღიარებს.“

Comments
Post a Comment